რა განაპირობებს ვალუტის კურსის ცვალებადობას?

რა განსაზღვრავს ვალუტის კურსის ცვალებადობას

ვალუტის კურსის ცვალებადობას სხვადასხვა გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი მიზეზი განაპირობებს. ეროვნული ვალუტა, როგორც ქვეყნის მსყიდველობითუნარიანობის “გარანტი” ინფლაცია/დეფლაციას განიცდის უცხოური ვალუტის კურსის ცვალებადობის პარალელურად. ეს კი საბოლოო ჯამში, ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.

იმის გასაგებად, თუ რა იწვევს ვალუტის კურსის ცვლილებას, რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განვიხილოთ.

მოთხოვნა მიწოდება

ცვლილების მთავარი წინაპირობა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსია. მარტივად რომ ვთქვათ, რაიმეს ფასი/ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი/მცირეა მასზე მოთხოვნა. ვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნა მისი დეფიციტის პირობებში, მის ღირებულებასაც ზრდის და პირიქით – თუ ვალუტა ჭარბადაა ბაზარზე, იგი უფასურდება.

მონეტარული პოლიტიკა

მონეტარული პოლიტიკის წყალობით, რომელსაც ეროვნული/ცენტრალური ბანკი წარმართავს, ქვეყანა ეკონოკიმის სტიმულირებას ახდენს. კერძოდ, ბანკი ცდილობს გააკონტროლოს  ვალუტაზე მოთხოვნა ქვეყანაში არსებული ფულის მარაგის გაზრდა-შემცირებით. როდესაც ფულის მარაგი და, შესაბამისად, მასზე ხელმისაწვდომობა იზრდება, ფულის სესხების ღირებულება იკლებს. შესაბამისად, რაც უფრო მეტ ფულს ვსესხულობთ და მყისიერად ვხარჯავთ, ეკნომიკა წინსვლას განაგრძობს და „აყვავებას“ იწყებს. ამავდროულად, როდესაც ქვეყნის ეკონომიკაში ჭარბი ფული ტრიალებს და საქონლისა და მომსახურების მოთხოვნასა და  მიწოდებას შორის დისბალანსია, შესაძლოა ამან ფასების გაძვირება, ანუ ინფლაცია გამოიწვიოს.

ინფლაცია

ვალუტის კურსის ცვალებადობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი ინფლაციაა. ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც პროდუქტისა თუ სერვისის ფასები იმდენად იზრდება, რომ თვალშისაცემია ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლება. მაგალითად, თუ ინფლაციამდელი მდგომარეობით ყოველდღიური საჭიროების პროდიქტსა თუ სერვისს ჯამში თვეში 1000 ლარად შეიძენდით, ინფლაციით გამოწვეული ფასების ზრდის ფონზე, ეს თანხა იმავე პროდუქტისა თუ სერვისის შესაძენად აღარ გეყოფათ და გაცილებით მეტის დახარჯვა მოგიწევთ.

პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო

ვალუტის კურსის ცვალებადობაზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო. რაც უფრო მშვიდი და სტაბილური გარემოა ქვეყანაში, მით უფრო მყარია ვალუტის კურსი. სწორედ ამიტომ, ქვეყნები, სადაც პოლიტიკურად და ეკონომიკურად სიმშვიდეა, მეტ უცხოურ ინვესტიციას და ტურისტს იზიდავს და შესაბამისად, მოჭარბებული მოთხოვნის ფონზე, ეროვნული ვალუტის კურსიც მყარდება.

ეკონომიკური ფაქტორები, როგორებიცაა სავაჭრო ბრუნვა, უმუშვრობის დონე, მშპ თუ სხვა, პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ გარემოზე. თუ ყველა ეს ფაქტორი ცალ-ცალკე სტაბილურად ვითარდება, ერთიანობაშიც ეკონომიკური მდგრადობის წინაპირობას ქმნის, თუმცა თუ რომელიმე მაინც განიცდის უკუსვლას, ქვეყნის ეკონომიკა საფრთხის ქვეშ დგება. მსგავსად ზემოქმედებს ვალუტის კურსზე შიდა და გარე პოლიტიკური პროცესებიც.

განხილული მაგალითებიდან ჩანს, თუ როგორ არის ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკის ესა თუ ის ფაქტორი, როგორ აისახება ეს ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ გარემოზე და უფრო თვალსაჩინოდ კი – ვალუტის გაცვლით კურსზე. ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს რომ არ ჩამორჩეთ, საიტის საშუალებით, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ როგორც დოლარისა და ევროს მიმდინარე კურსს ლართან მიმართებით, ასევე ნებისმიერი სხვა ვალუტისას.